logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სამადაშვილის ღვინის მარანი" ₾10 მლნ-ის ინვესტიციით წარმოებას აფართოებს

სამადაშვილის ღვინის მარანი ფართოვდება - ტურისტულ ობიექტს იმავე ტერიტორიაზე 2 000 კვადრატული მეტრის ახალი საწარმო ემატება, სადაც 800 კვადრატული მეტრის კასრებისა და ბოთლების დასაძველებელი სარდაფი მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი ₾10 მლნ-ს შეადგენს.

როგორც სამადაშვილის ღვინის მარნის მეღვინე, ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ახალი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით სრულად აღჭურვილი დაახლოებით ორ წელიწადში იქნება.

მისივე ცნობით, გაფართოების შედეგად კომპანიის საწარმოო სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამჟამად, მარანი წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ყურძენს ამუშავებს, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გადამუშავების მოცულობა 400 ტონამდე გაიზრდება.

"ჩალაუბანში ჩვენი ვენახების საერთო ფართობი 20 ჰექტარს შეადგენს. ასევე ვენახი გაშენებული ყვარელში ქინძმარაულის მიკროზონაში გვაქვს, რომლის ფართობი 7 ჰექტარია. ამ ეტაპზე 5 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა ასორტიმენტის გაფართოებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ახალი ტიპის ღვინოების დამატებას ვგეგმავთ. მსხმოიარე ჯიშებიდან გვაქვს ქისი, ხიხვი, საფერავი და ა.შ. ადგილობრივ ბაზარზე "8 000 მოსავალში" ვართ წარმოდგენილი. ასევე ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოებს, რაც შეეხება მარანს თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

მომხმარებლებს მარანში ვიზიტის შესაძლებლობა აქვთ – შეუძლიათ დაათვალიერონ მარანი და ვენახებში გაისეირნონ. ვიზიტორების უმრავლესობა უცხოელები არიან, რასაც ჩვენი ლოკაცია განაპირობებს. კერძოდ, ობიექტი სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სტუმრები ძირითადად ცენტრალური ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებიდან ჩამოდიან, მათ შორის ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან და ასევე ავსტრალიიდან. აღნიშნული სეგმენტი მაღალმხარჯველუნარიანია და ქართული ღვინის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. აგვისტოში დატვირთულობას ველოდებით, რადგან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება", - აცხადებს მეღვინე.

ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება. 

"მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური მოვლენები ჩვენს სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მომხმარებლის ქცევა ძალიან შეიცვალა - ახალგაზრდა თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს, უფრო პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ალკოჰოლის მოხმარებას ამცირებს", - აღნიშნავს სამადაშვილის ღვინის მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სამადაშვილის ღვინის მარანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. ამასთან, მარნის ფართობი 900 კვადრატული მეტრია.

გამოგვყევით