ჰონკონგში ქართული ქვევრის ღვინო მოთხოვნადია. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" კომპანია "ექიმის ბიო მარნის" დამფუძნებელი მარინა კაკიაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ეს ტენდენციაა იმის მიზეზი,რომ კომპანია ჰონკონგში ექსპორტის განახლებისა და გაფართოების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც მარინა კაკიაშვილი რუაძე განმარტავს, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო ჩინეთში (ჰონკონგში) ექსპორტზე პირველად 2 წლის წინ გავიდა. დადებითი გამოხმაურების შედეგად კი, აღნიშნული მიმართულებით ექსპორტი ისევ აქტუალურია.
"მარანში სტუმრობაზე ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა ძირითადად ევროპიდან და აშშ-დან არის. ამჟამად, მოლაპარაკებებს ვაგრძელებ, რომ ღვინო ექსპორტზე ჰონკონგში ისევ გავიტანო. პირველად 2 წლის წინ რქაწითელი, ხიხვი და საფერავი გავაგზავნე. საწყის ეტაპზე 200 ბოთლამდე ღვინო წაიღეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს ქართული პროდუქტი საკმაოდ მოეწონათ და მოთხოვნადია. ამიტომ მოლაპარაკებებს ისევ ვაგრძელებთ, რომ გავფართოვდეთ, კონკრეტულად რამდენ ბოთლ ღვინოს გავიტან ამ ეტაპზე ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუმცა დაახლოებით 2 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში ისევ გავაგრძელებთ ოპერირებას. ჰონკონგში ქართული ქვევრის ღვინის განსხვავებული გემო მოსწონთ. ამასთან, საქართველოს მხრიდან საზღვარგარეთ ქართული ღვინის აქტიური პოპულარიზაცია მიმდინარეობს", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.
ამასთან, მარინა კაკიაშვილი რუაძე საექსპორტო ქვეყნებზე საუბრისას განმარტავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში აქვს.
"ძალიან მიხარია, რომ ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოჩნდა. ამჟამად, მოლაპარაკებები გვაქვს - ფრანგ ექსპორტიორებთან, ასევე სკანდინავიის ქვეყნებიდან გვაქვს დაინტერესება, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ვართ და პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში აღნიშნულ ქვეყნებსაც მოვიცავთ.
წარმადობას რაც შეეხება, 5 000 ბოთლამდე მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებ, წარმადობას ყოველწლიურად დაახლოებით 1 000-დან 2 000-ს ბოთლამდე ვზრდი", - აცხადებს "ექიმის ბიო მარნის" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, "ექიმის ბიო მარნის" ვენახი 1 ჰექტარზეა გაშენებული. მარანი ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს ესენია: საფერავი, რქაწითელი, ევროპულად დაყენებული საფერავი და როზე. კომპანია 2022 წელს იაპონიაში გავიდა, ხოლო 2024 წელს ინგლისში.