ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი TOGO მომხმარებელს უნიკალურ, ხელით შექმნილ სამკაულებს სთავაზობს.
ბრენდის დამფუძნებლის, ირინა ტოგონიძე თქმით, თითოეული ნივთი ინდივიდუალური ისტორიისა და ემოციის მატარებელია, რაც TOGO-ს პროდუქციას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ბრენდი ხარისხზე, ორიგინალურ დიზაინსა და დეტალებზე ორიენტირებით ვითარდება და ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ხელწერა უკვე ჩამოაყალიბა. TOGO-ს მთავარი იდეა კი ისაა, რომ სილამაზე სწორედ იმ დეტალებშია, რომლებიც ადამიანების განცდებსა და ისტორიებს ასახავს.

,,სამკაულების შექმნა დავიწყე მოყვარულის დონეზე. თავიდან ეს ჩემს პროფესიასთან კავშირში არ იყო, მაგრამ მალევე მივხვდი — ეს უბრალოდ საქმე არ იყო. ეს გახდა გზა, რომლითაც ჩემს განცდებს და ხასიათს ფორმას ვაძლევ. ყველაფერი მეგობრების შეგულიანებით და ერთი პატარა სურვილით დაიწყო — შემექმნა რაღაც ჩემი, განსხვავებული. ნელ-ნელა ეს სურვილი გადაიზარდა ფერად სამყაროდ, სადაც თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. ვქმნი ბრელოკებს, ყელსაბამებს, საყურეებს და სხვა ნივთებს შერეული მასალებით. თითოეულში დევს განწყობა, ემოცია და თავისი პატარა ისტორია",- ამბობს ირინა ტოგონიძე