logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება.

"საქსტატის მიხედვით 2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 9.0%-ით გაიზარდა, რაც 0.1პპ-ით შემცირებულია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ 4 თვეში 8.2%-ით გაიზარდა. სექტორულ ჭრილში, I კვარტლის წლიურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია & კომუნიკაცია (+36.0%), ტრანსპორტი (+18.0%), ვაჭრობა (+5.5%), საფინანსო საქმიანობა (+11.7%), ხელოვნება & გართობა (+14.5% წ/წ), ჯანდაცვა (+12.6%), სახელმწიფო მმართველობა (+11.0%), სასტუმროები & რესტორნები (+12.4%) და უძრავი ქონების ოპერაციები (+3.1%). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში წლიური კლება დაფიქსირდა მშენებლობის (-2.0%) და სოფლის მეურნეობის (-3.3%) დარგებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას კვლევის მიხედვით, რეგულატორი მიანიშნებს, რომ თუ ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება გაგრძელდება.

"სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. ინფლაციის ზრდა, რომელმაც მაისში 5.7%-ს მიაღწია, ძირითადად გამოწვეული იყო გარე, მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით, რაც შუა აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. სებ-ი აღნიშნავს, რომ ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი კორექცია მის ცენტრალურ სცენარს შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ინფლაცია 2026 წლის მე-2 კვარტლიდან კლების ტენდენციას გააგრძელებს, წლის განმავლობაში საშუალოდ 4.9%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ 3.0%-იან მაჩვენებელს. რეგულატორი ასევე მიანიშნებს, რომ თუ ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება გაგრძელდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 29 ივლისს ჩატარდება.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში  საქონლის ექსპორტი წლიურად 15.1%-ით გაიზარდა და 667.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 16.1%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 0.9%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, 2026 წლის მაისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.3%-ით შემცირდა და 894.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის მაისში მანქანები (-10.7% წ/წ), ნავთობი (+678.0% წ/წ), ფეროშენადნობები (+47.0% წ/წ), სპილენძი (+$32.2 მლნ წ/წ) და ძვირფასი ლითონები (-24.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 7.3% ევროკავშირზე მოდიოდა (+17.7% წ/წ), 52.3% დსთ-ზე (-13.0% წ/წ) და 40.4% სხვა ქვეყნებზე (+96.5% წ/წ). აღნიშნულ პერიოდში, ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-30.5% წ/წ), ნავთობი (+67.3% წ/წ), მედიკამენტები (-10.2%  წ/წ), ნედლი ნავთობი (+$42.7 მლნ წ/წ) და სპილენძი (+$41.5 მლნ წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 13.4%-ით შემცირდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 1.9%-ით შემცირდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სებ-ის მიხედვით, 2026 წლის მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა გზავნილების გადმორიცხვამ ევროკავშირიდან (+6.0% წ/წ), ისრაელიდან (+22.7% წ/წ), რუსეთიდან (+11.4% წ/წ), აშშ-დან (+8.1% წ/წ) და თურქეთიდან (+12.9% წ/წ). ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია კვლევაში.

გამოგვყევით