კომპანია Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან ასანიშვილის შეფასებით, საქართველოში ავტომობილების განბაჟების ტარიფების ზრდა, რომელიც 2024 წლამდე გამოშვებულ ყველა ავტომობილს ეხება გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგებს მოიტანს.
როგორც ლევან ასანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ცვლილებები მომხმარებელს ახალი ავტომობილის შეძენისკენ უბიძგებს, რაც ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
ამასთან, სექტორის წარმომადგენლის თქმით, კერძო კომპანიების მხრიდან ინტერესი ე.წ. მწვანე ავტომობილების მიმართ ყოველწლიურად იზრდება.
"საქართველოს ავტობაზარი ორ ძირითად სეგმენტად იყოფა - მეორადი და ახალი ავტომობილების ბაზრად. ბოლო პერიოდში მეორად ავტომობილებზე ფასები გაიზარდა, ხოლო ახალი ავტომობილების ფასები გარკვეულწილად შემცირდა. მომხმარებლები, რომლებიც აქამდე კონკრეტულ თანხას მეორადი ავტომობილის ჩამოყვანაში იხდიდნენ, ახლა მცირე თანხის დანამატით ახალ ავტომობილს შეიძენენ. შესაბამისად, მოსალოდნელია ახალი ავტომობილების რეგისტრაციების ზრდა, ხოლო მეორადი ავტომობილების წილის შემცირება.
შეიცვლება იმპორტიორების სტრატეგიაც - ისინი მეტად გადაერთვებიან ახალ და შედარებით ძვირადღირებულ ავტომობილებზე, რის შედეგადაც ბაზრის სეგმენტაცია შეიცვლება. მომხმარებლებისთვის ეს გარკვეულწილად შეზღუდვას წარმოადგენს, თუმცა ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგებს მოიტანს. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკოლოგიას. საქართველოში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს. ასევე, კერძო კომპანიების მხრიდან იზრდება ინტერესი ე.წ. მწვანე ავტომობილების მიმართ", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.
Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მეორადი ავტომობილების იმპორტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულება დაახლოებით 20%-ით შემცირდება.
"რაც შეეხება მეორადი ავტომობილების იმპორტს, ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, თუმცა საწყის ეტაპზე დაახლოებით 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. მთლიანობაში, დღეს მომხმარებლებს ავტომობილის არჩევის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე სამი, ან ხუთი წლის წინ ჰქონდათ. ბაზარზე პირობები უფრო ხელსაყრელი ხდება - მოქალაქეები უფრო ახალ ავტომობილებზე გადადიან. უკვე შესაძლებელია 15-20 ათასი დოლარის ფარგლებში ახალი და კარგი ავტომობილის შეძენაც. ზოგადად, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 12-15%-ით იზრდება. მომხმარებლების მხრიდან ავტომობილების შეძენა სხვადასხვა ფინანსური მექანიზმით ხორციელდება - მათ შორის საბანკო სესხითა და განვადებით", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ავტომობილების განბაჟების ტარიფები გაიზარდა. რეგულაციის თანახმად, განბაჟების საფასური 2024 წლამდე გამოშვებულ ყველა ავტომობილზე იზრდება. უფრო კონკრეტულად კი აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ მეტრზე 1.5 ლარით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 კუბურ მეტრზე 4.5 ლარით განისაზღვრება.