logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

1782127990

Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA)  პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა.  ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. 

აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია.

ვირტუალური დათვალიერების შესაძლებლობის გარდა, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას. პროექტი საერთაშორისო ხილვადობას სძენს ადგილობრივ მაღაზიებს, საოჯახო სასტუმროებსა და  რესტორნებს. ამასთანავე, Street View მხარს უჭერს საქართველოს ციფრულ მიზნებს, ის, ადგილობრივ მეწარმეებსა და დეველოპერებს სთავაზობს გაუმჯობესებულ რუკებს და ეხმარება მათ, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სერვისებისა და აპლიკაციების შექმნაში, რაც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

საქართველოში Street View მხოლოდ გზების რუკაზე დატანას არ ნიშნავს,  ეს არის შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური საგანძური მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს და სხვადასხვა კონტინენტიდან მოგზაურებს ქვეყანა შეაყვაროს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავენ. როგორც თავად პროექტის ავტორები განმარტავენ, წარდგენის დრო ემთხვევა საქართველოში ტურიზმის მზარდ დინამიკას. საერთაშორისო მოგზაურები სულ უფრო ხშირად იყენებენ Street View-ს დანიშნულების ადგილის წინასწარ გასაცნობად, პარკირების შესაძლებლობების, უბნების, გარემოსა და რელიეფის შესაფასებლად, რაც მოგზაურობის დაგეგმვას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.

გამოგვყევით