ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 2022 წლიდან დღემდე 64-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა "ბიზნესპარნიორთან" საუბრისას აღნიშნა, ბიოწარმოებაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა მიმდინარე წელს განსაკუთრებით არის შემცირებული. წლის დასაწყისიდან სააგენტომ 3 ბენეფიციართან გააფორმა ხელშეკრულება. რაც შეეხება დაფინანსების მოცულობას. სააგენტოს მიერ გაცემულია ჯამურად 675 000 ლარის თანადაფინანსება. პროექტების ღირებულება კი მილიონ ლარს აჭარბებს.
„პროგრამა ფერმერებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას სთავაზობს. მათ შორის გათვალისწინებულია არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პერიოდში საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურება, ასევე სერტიფიკატის დაფინანსება 70%-ის ოდენობით. ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურების სქემაზეა მოწყობილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ბენეფიციარი წევს ხარჯს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სააგენტოს მიერ თანხის ანაზღაურება“,-აღნიშნა ბესიკ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამა დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს მეფუტკრეებსა და მევენახეებს.
„მევენახეების შემთხვევაში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ შესაბამისი სასუქები და მავნებლების წინააღმდეგ ბიოპრეპარატები. ამასთან, ჩვენ ყველა მრავალწლიან კულტურას ვაფინანსებთ. თმცა, ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობა მაინც მევენახეობის სექტორიდანაა, მეფუტკრეების მიმართულებით კი 6 ბენეფიციარია" - აღნიშნა ბესიკ მაჭარაშვილმა.