56 წლის ასაკში, ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ბიზნესსაზოგადოების ეხმაურება.
"ბიზნესპარტნიორი" გთავაზობთ კომპანიების განცხადებებს, რომლებმაც ბიზნესმენის გარდაცვალებასტან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
"აჭარა ჯგუფი"
"ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ აჭარა ჯგუფის დამფუძნებელი, თემურ უგულავა, 56 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.
წლების განმავლობაში "აჭარა ჯგუფის" თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა. მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები.
მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, "აჭარა ჯგუფის" მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა. მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად,"-ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Setanta Sports Georgia
“თემურ უგულავა იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს კონტექსტებს ქმნიდა. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი სპორტული მედიის შემქმნელი, სპორტის უდიდესი ენთუზიასტი და პიროვნება, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს კულტურულ შრეებსა და თავშეყრის ადგილებს აყალიბებდა.
ვუსამძიმრებთ სპორტის ქომაგებს, მათ, ვინც ურბანული არქიტექტურის განვითარებას გულშემატკივრობდა, ასევე მათ, ვინც ახლისა და ძველის შერწყმით მიღებული სივრცეებითა და პლატფორმებით სარგებლობდა, რომელიც თავის მხრივ მუშაობის, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და გართობის ცენტრებად იქცა.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, თითოეული გუნდის წევრისა და სეტანტას ერთიანი ოჯახის მწუხარებას”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია
"მადლობა ყველაფრისთვის…მისი წვლილი ქართული პადელის განვითარებასა და პადელის ფედერაციის ჩამოყალიბებაში და წინსვლაში ფასდაუდებელია.პადელის ფედერაცია უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და მადლობას ვუხდით გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც ქართულ პადელს დაუტოვა,"-ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სკოლა "ოლიმპი"
"თემურ უგულავა იყო ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. მისი ხედვა, ენერგია და საქმიანობა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.სკოლა “ოლიმპის” სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ყველა ახლობელს ამ მძიმე დანაკარგს.პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და მადლიერებით ვიხსენებთ მის ღვაწლს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, მათ შორის, თემურ უგულავას დაფუძნებულია კომპანია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს.
ამავე ჯგუფის მიერ შექმნილია შემდეგი ქართული ბრენდები - "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფის პორტფოლიოშია თბილისის "ჰოლიდეი ინი", "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნო", რომელიც ნუშის ბაღებს მართავს.
(სია განახლებადია)