დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელის ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, ავტომობილების დაზღვევის ზრდისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სეტყვა ვერ იქნება. როგორც ლაშა ნიკოლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენები სადაზღვევო სექტორზე ზარალს იწვევს და მიმართვიანობას ზრდის, ისინი კასკო-ს (გადასაზიდი საშუალებების (გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების, ვაგონების, ცისტერნებისა და სხვ.) ბაზრის გაფართოებაზე გრძელვადიან და არსებით გავლენას ვერ ახდენს.
მისივე ინფორმაციით, კასკო-ს ბაზრის ზრდის ბიძგი სავალდებულო დაზღვევა იქნება.
"გარკვეული გონიერი ადამიანები ასეთი შემთხვევების გარეშეც აზღვევენ ხოლმე. სეტყვას ბიძგად ალბათ ვერ ჩავთვლით. გარკვეული სუსტი მიზიდულობა შესაძლებელია იყოს. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ 8%-ია კასკო-ს დაზღვევა) მოცვა საქართველოში. 7%-იდან 8%-მდე მოცვის ზრდას 3-4 წელი დასჭირდა - ასეთი სეტყვები კი ხშირად არის ხოლმე საქართველოში. შესაბამისად, არც ეს სეტყვა, რომელიც ხან 10-ჯერ და 15-ჯერ მეტიც არის ხოლმე, ვიდრე საშუალო ზარალიანობის სტატისტიკა არ გახდება გადამწყვეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ავტომანქანები დააზღვიონ.
ასეთი ბიძგი შესაძლებელია მხოლოდ იყოს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, რომელიც გარკვეულ კავშირს გააბამს სადაზღვევო კომპანიასა და ავტო მომხმარებელს შორის და დააოპტიმიზირებს კასკო-ს შეთავაზებასაც, მათ შორის, ფასის და პირობების ნაწილშიც. სეტყვები როგორც მოგეხსენებათ ქართულ რეალობაში არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ კასკო-ს მოცვა რადიკალურად მაინც არ იცვლება. სეტყვის შედეგებს სადაზღვევო კომპანიები ძალიან მძიმედ გადაიტანენ, რადგან ფინანსურად საკმაოდ დიდი ზარალები აქვთ და დარწმუნებული ვარ ავტომანქანების შეკეთებაზე რიგები იქნება, მაგრამ ეს ვერ გადაიქცევა დიდი ბუსტის ნაწილად კასკო-ში", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
ამასთან, "ბიზნესპარტნიორთან" სეტყვის შედეგები სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ზარალის მოცულობაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა წინასწარი მოლოდინით ივნისი სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი თვე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში ძლიერი ნალექი და სეტყვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სხვადასხვა უბანში დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ქონება.