ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Setanta Sports Georgia სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
“თემურ უგულავა იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს კონტექსტებს ქმნიდა.
აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი სპორტული მედიის შემქმნელი, სპორტის უდიდესი ენთუზიასტი და პიროვნება, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს კულტურულ შრეებსა და თავშეყრის ადგილებს აყალიბებდა.
ვუსამძიმრებთ სპორტის ქომაგებს, მათ, ვინც ურბანული არქიტექტურის განვითარებას გულშემატკივრობდა, ასევე მათ, ვინც ახლისა და ძველის შერწყმით მიღებული სივრცეებითა და პლატფორმებით სარგებლობდა, რომელიც თავის მხრივ მუშაობის, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და გართობის ცენტრებად იქცა.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, თითოეული გუნდის წევრისა და სეტანტას ერთიანი ოჯახის მწუხარებას”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, მათ შორის, თემურ უგულავას დაფუძნებულია კომპანია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს.
ამავე ჯგუფის მიერ შექმნილია შემდეგი ქართული ბრენდები - "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფის პორტფოლიოშია თბილისის "ჰოლიდეი ინი", "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნო", რომელიც ნუშის ბაღებს მართავს.