საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი მაისში წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.1 აშშ ცენტი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საბალანსო მოცულობა უმნიშვნელოდ წლიური 0.7%-ით გაიზარდა და 0.3 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 23%-ს წარმოადგენს.
"ამასთან, 2026 წლის 12 ივნისს ქსელის წესებში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით: გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია ქსელთან მიერთების შეთანხმებები იმ ელექტროსადგურის პროექტებს გააუქმოს, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტროს დასტური ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის, ან მშენებლობის ეტაპზე ყოფნის შესახებ არ აქვთ. აღნიშნულ ინფორმაციას ელექტროსისტემა სამინისტროსგან პირველი აგვისტოს ჩათვლით გამოითხოვს. ელექტროსისტემის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება პროექტის დეველოპერებს 10 სამუშაო დღის განმავლობაში აქვთ. გაუქმებულ პროექტებს გადახდილი ქსელთან დაერთების საფასური დაუბრუნდებათ. ენერგო-პროს და თელასის ქსელზე ახალი გენერაციის ობიექტის დაერთების განაცხადისთვის სავალდებულო გახდა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება პროექტის განვითარებაზე, ან სამინისტროს წერილობითი დასტური.
აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის ერთიან ჩარჩოში მოქცევას და ქსელზე მიერთების წერტილებში დარეზერვებული სიმძლავრეების გათავისუფლებას", - ვკითხულობთ კვლევაში.