logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებლების ქცევა შეიცვალა, ჩინური ავტომობილები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა" - Strada Motors

კომპანია Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან ასანიშვილის ინფორმაციით, სექტორში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლების ქცევა შეიცვალა და ჩინური ავტომობილები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა.

როგორც ლევან ასანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, საქართველოში ყოველწლიურად ჩინური ავტომობილების რაოდენობა იზრდება, რადგან ევროპულ ავტომობილებთან შედარებით ბიუჯეტურია.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლების ქცევა შეიცვალა. საქართველოში ჩინური ავტომობილები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. მაგალითად, თუ ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების რეგისტრაციას შევხედავთ, ჩინური ბრენდები უკვე ხუთეულში შედიან. რაოდენობის მიხედვით ხუთეული ასეთია: Toyota, Hyundai, Kia, Fiat და Chinese models. ყოველწლიურად ჩინური ავტომობილების რაოდენობა იზრდება. ამის ძირითად მიზეზს ფასი განაპირობებს. ამასთან, აღნიშნული ხაზი, მაგალითად, ევროპულ მოდელებს ხარისხითაც დიდად არ ჩამოუვარდება, ვიზუალურად მიმზიდველია, ტექნოლოგიურად განვითარებულია, საწვავის ხარჯი დაბალია, შედარებით იაფია, სწორედ ამიტომ მომხმარებლებში პოპულარულია", - აცხადებს კომპანია Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ლევან ასანიშვილი ზოგადად სექტორში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 12-15%-ით იზრდება. 

"რაც შეეხება ავტომობილების ფასებს - ყოველწლიურად ევროპულ ავტომობილებზე ფასები 3-5%-ით მატულობს, ასევე ფასების ზრდა ფიქსირდება ჩინურ ავტომობილებზეც. მინდა გითხრათ, სულ უფრო პოპულარული ხდება ელექტრომობილები. მათი ნახვა უკვე ტაქსის სერვისშიც შესაძლებელია, მაგალითად, Tesla-ს მოდელები. აღნიშნული ტენდენციის მიზეზია - რეგისტრაციისას ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი არ ვრცელდება, რაც შეღავათს წარმოადგენს. გარდა ამისა, ელექტრომობილის დამუხტვა ფინანსურად გაცილებით  ბიუჯეტურია, ვიდრე ტრადიციული საწვავის გამოყენება. ცხადია, ეკოლოგიური ფაქტორიც მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემი აზრით, მომხმარებლები ელექტრომობილის შეძენისას პირველ რიგში ფასსა და ეკონომიურობას აქცევენ ყურადღებას", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.

გამოგვყევით