"შოკოტელა" ფართოვდება - კომპანია წავკისში ახალ ISO სტანდარტებზე მორგებულ საწარმოს და ფილიალს ხსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განაცხადა, ახალი ობიექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.
მანვე აღნიშნა, რომ წავკისში, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ამჟამად, ჩვენი საწარმო ვაკეში ბარნოვზე მდებარეობს, თუმცა ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ ბარნოვზე მხოლოდ ფილიალი იქნება და წარმოება სრულად წავკისში გადავა. გაფართოების ინვესტიცია ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რადგან მუშაობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.
ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში ყველა შეკვეთა დავაკმაყოფილოთ. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვამატებთ ახალ გემოებს და პროდუქტებს და ასე გაგრძელდება", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შოკოლადის გარდა ნაყინის წარმოება დაიწყო, რომლის რეალიზაცია ამ ეტაპზე ბარნოვისა და ვაჟა-ფშაველას ფილიალში ხდება.
ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.