საქართველოში ავეჯის ინდუსტრია, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს რადიოს ეთერში, რუბრიკა „ბიზნესპარტნიორის“ ფარგლებში, ავეჯის სახლ „ნიტა“-ს დირექტორმა, მირანდა ხეცურიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ინდუსტრიის ზრდა, უმეტესად, ქვეყანაში საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაზრდილმა მშენებლობებმა განაპირობა.
„ეს ტენდენცია, ძირითადად, 2021 წლიდან შეინიშნება. აშენდა უამრავი ბინა, სასტუმრო, რესტორანი და გაჩნდა მოთხოვნა ავეჯზე. ამის კვალდაკვალ, ცხადია, გაიზარდა როგორც ავეჯის იმპორტი, ისე ადგილობრივი წარმოება. დღეს, სექტორში უკვე ძალიან მაღალი კონკურენციაა და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ქართული წარმოების ავეჯი ხარისხობრივად უკვე აღარ ჩამოუვარდება იმპორტირებულს, რაზედაც მასზე გაზრდილი მოთხოვნაც მიანიშნებს. ადგილობრივი ბაზრის გარდა, ქართული ავეჯი წარმატებით იყიდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში. მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარი–აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 3.2 მლნ დოლარის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის მოცულობამ 712 ტონა შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს, აქ ადგილობრივი ავეჯის გაყიდვების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - პირველი ის, რომ მყიდველი ადგილზევე არჩევს ზომებს, მასალას, ფერებს... გარდა ამისა, ტრანსპორტირებისა და მიწოდების ვადები არის მოკლე და მოქნილი“, - აღნიშნა მირანდა ხეცურიანმა.
მან იმპორტირებულ პროდუქციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ავეჯი, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის. ასევე, იმპორტიორი ქვეყნების სიაში, მოწინავე პოზიციაზეა გერმანია.
„ქართული ბაზარი მაღალი ხარისხის პროდუქციითაა გაჯერებული. მაგალითად, ჩვენი კომპანია, ავეჯის იმპორტს სრულად თურქეთიდან ახდენს და გვაქვს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე დიზაინის, კომფორტული ავეჯი. თუმცა, მომდევნო წლებში, განვიხილავთ საკუთარი საწარმოს გახსნას, სადაც „ნიტა“ თავადვე აწარმოებს ყველა ტიპის ავეჯს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, მის ექსპორტსაც მოახდენს“, - განმარტა მირანდა ხეცურიანმა.
ცნობისთვის, ავეჯის სახლი „ნიტა“ იმერეთის რეგიონში ოპერირებს და ამჟამად, ორ ფილიალს ფლობს, ორივეს - ქუთაისში. თუმცა, კომპანიას მომხმარებლები საქართველოს სხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდანაც ჰყავს, სადაც ავეჯის მიწოდებას თავად „ნიტა“ უზრუნველყოფს.