ბათუმის პლაჟზე უცხოელი ტურისტების წილი ადგილობრივებს მნიშვნელოვნად აღემატება, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" პლაჟის ინვენტარისა და დაივინგის მომსახურების მფლობელმა, მყვინთავმა ზურა გათენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის დღეები, როდესაც მათი მომხმარებლების 100%-ვე უცხოელია.
"ბათუმში წინა წელთან შედარებით შეზლონგისა და ქოლგის ღირებულება არ გაზრდილა. ამჟამად, 10 ლარი ღირს შეზლონგი, ხოლო 5 ლარი ღირს ქოლგა. ჩვენი საქმიანობა ძირითადად ამინდზეა დამოკიდებული, როცა კარგი ამინდია, მხოლოდ მაშინ გვყავს მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ზღვის სეზონი გვიან დაიწყო მომხმარებლები მაინც გვყავს. რაც შეეხება სეგმენტაციას ძირითადად უცხოელები ჭარბობენ მათ შორის, რუსეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. ამჟამად, 86 შეზლონგი და რამდენიმე ქოლგა მაქვს და ვგეგმავ დამატებას. ამ რესურსით დღეში ჩვენი შემოსავალი დაახლოებით 1000 ლარამდეა", - აცხადებს ზურა გათენაძე.
ცნობისთვის, 20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. ბიზნესის წარმომადგენლები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდას პროგნოზირებენ.