გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტკრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო. ანალოგიური ფორმატის ღონისძიებები გაიმართა გერმანიის ქალაქებში - დიუსელდორფსა და კიოლნში.
ღონისძიებას ცნობილი გერმანელი შეფმზარეული და რესტორატორი კრისტოფ ფრიდრიხი (Christoph Friedrich) უძღვებოდა.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან ff.k Public Relations 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.