logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გლობალურად, ნავთობის ფასები მაინც პრობლემური რჩება" - ვახტანგ ჭარაია

"გლობალურად, ნავთობის ფასები მაინც პრობლემური რჩება" - ვახტანგ ჭარაია

1778232000

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ, ინფლაციურ შოკებთან ბრძოლის განსხვავებულ გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკური კონიუნქტურის ეკონომიკები აქვს და სწორედ ამის საფუძველზე ახდენენ საპროცენტო განაკვეთების გამკაცრებას, ან შემსუბუქებას.

„ის ქვეყნები, რომლებიც ახლა აპირებენ, რომ გაამკაცრონ საპროცენტო განაკვეთები, ხშირ შემთხვევაში, სპეციფიკური კონიუნქტურის ეკონომიკები არიან. მაგალითად, ავსტრალიამ ცოტა ხნის წინ გააძვირა რეფინანსირების განაკვეთი. იქაური კონიუნქტურა არის განსხვავებული. ეს არის სხვადასხვა ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყანა. მართალია, გლობალურად გაძვირდა ნავთობის ფასები და მათთანაც ინფლაციის მოთოკვა მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევა იყო,  თუმცა ამასთან ერთად, გაძვირებული სხვადასხვა ენერგომატარებლებიდან ისინი პლუს შემოსავალს იღებენ. ამ შემთხვევაში, საქართველო ერთი მხრივ თუ გააძვირებს საპროცენტო განაკვეთს, ამით ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას და მეორე მხრივ, ნავთობის ფასებს მაინც ვერ აგდებს და ვერც შემოსავალს იღებს გაძვირებული ნავთობის ფასებიდან“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მან ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეკონომიკაზე ისაუბრა, როგორც აშშ-ია.

„აშშ-ს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, შეუძლია, ნავთობის თავისი რეზერვები გახსნას და ამით შეეშველოს ეკონომიკას. აშშ-ს პლუსი ეგაა, რომ ექსპორტიორიც არის ნავთობპროდუქტების და დამატებით შემოსავალს იღებს. აი, ასეთი განმასხვავებელი ნიუანსებია ქვეყნებს შორის. მაგალითად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას არ აქვს ნავთობის მოპოვება დიდი დოზით, არც რეზერვები აქვს, შესაბამისად, მათი კონიუნქტურა კიდევ უფრო განსხვავებულია. კონტინენტური ევროპის უმრავლესობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა საერთაშორისო ფასები იქნება ნავთობზე, ამიტომ ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ გააძვირონ საპროცენტო განაკვეთი, რადგან ეს ეკონომიკას შეამცირებს და თან, ნავთობის ფასებზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს. შეიძლება, ჯამურ ინფლაციაზე იქონიოს ზეგავლენა, თუმცა ნავთობის ფასები მაინც პრობლემური რჩება“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა, ვახტანგ ჭარაიამ.

გამოგვყევით