logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების სეგმენტი შეიცვალა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნები აქტიურობენ" - ქეთი მელაძე

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორების სეგმენტი შეიცვალა და ამ ეტაპზე ქვეყანაში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები აქტიურობენ.

როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" ქეთი მელაძემ აღნიშნა, მათი მოთხოვნები დასავლელი ტურისტებისგან განსხვავებულია, რის გამოც სფეროს ახალ საჭიროებებზე მორგება უწევს.

"გიდების გადამზადება აუცილებელია, რომ სახელმწიფოს გადადგმული დიდი ნაბიჯი გამართლდეს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო რეგიონებს დიდ ყურადღებას მიაქცევს. იცვლება ქვეყნები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, ამწუთას აღმოსავლეთის ქვეყნებზე მაქვს საუბარი - მათ სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე დასავლეთის ტურისტებს, ჩვენ ვცდილობთ მათ მოთხოვნებს მოვერგოთ. იყო საუბარი, რომ საქართველოში ჩინურ ენოვანი გიდები ნაკლებია, თუმცა საკმაოდ ბევრი გვყავს ინგლისურენოვანი გიდები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ეს ყველაფერი შეითავსონ, რადგან ტურისტებს თავისი თარჯიმნები ჰყავთ. საგანგაშო არაფერი არ არის", - აცხადებს ტურისტული სექტორის წარმომადგენელი.

ქეთი მელაძემ ქვეყანაში შემომსვლელი თურქი ტურისტების ნაკადიც მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რომ თურქულენოვანი სტუმრები ბათუმში დიდი რაოდენობით არიან.

"ბათუმის ასოციაციიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თქვეს, რომ აკონტროლებენ, რომ თურქულენოვანი გიდები ნაკლებად იყვნენ. სხვათა შორის ისინიც (თურქულენოვანი გიდები) შეწუხებული არიან ჩვენი გადაწყვეტილებით, რადგან შემოსვლა და მუშაობა აეკრძალათ. თუმცა იმავე ქვეყნებში ვერც ჩვენ წავალთ და ვიმუშავებთ, იქ გიდის საქმიანობა მკაცრადაა დაცული", - აცხადებს ქეთი მელაძე.

ცნობისთვის, 2026 წლის 1 მაისიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები და ცვლილებები ამოქმედდა, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და სექტორის მოწესრიგებას. ძირითადი სიახლეებია:

  • შრომითი მიგრაციის წესები: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის დისტანციურად მომუშავე პირებისთვის, საქართველოში კანონიერად დასაქმების მიზნით "შრომითი საქმიანობის უფლების" მოპოვება გახდა სავალდებულო.
  • გიდების საქმიანობის რეგულირება: რეგულაციები შეეხო ტურისტული გიდების საქმიანობას, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის კონტროლს.

    "შრომითი მიგრაციის" შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანია.

  • სავალდებულო დაზღვევა: 1 იანვრიდან საქართველოში შემოსვლისას ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა სავალდებულო გახდა.
  • ტურისტული მომსახურების უსაფრთხოება: 2024 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული, კანონმდებლობა აწესებს მაღალ უსაფრთხოების სტანდარტებს ტურისტული მომსახურების გამწევი სუბიექტებისთვის. 

ეს ზომები მიმართულია ტურისტების უფლებების დაცვასა და ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებაზე.

გამოგვყევით