logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში $70 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - Aspect Energy კვლევით სამუშაოებს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკულ კომპანია Aspect Energy LLC-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომპანია ე.წ. ჩრდილოეთ სამგორის ფართობზე სამგანზომილებიანი  სეისმური კვლევების ჩატარებას გეგმავს.

"ეს არის ძალიან ძლიერი კომპანია, რომელიც უშუალოდ კონცენტრირებულია ძებნა ძიებით სამუშაოებზე, ისეთ რთულ გეოლოგიურ პირობებში როგორიც ჩვენ გვაქვს და ამ ხელმოწერის შედეგად,ჩვენს ქვეყანაში 70 მლნ-ს ინვესტიციას ჩადებს. პირველი სამუშაოები ზაფხულში დაიწყება, ეს იქნება სამგანზომილებიანი  სეისმო გადაღებები ე.წ. ჩრდილოეთ სამგორის ფართობზე, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. ვფიქრობთ, რომ 1 წლის განმავლობაში დაიგეგმება საბურღი სამუშაოებიც და ეს ფართობიც, რომლის შესწავლაც დიდი ხანია გვინდოდა, რომელიც ძალიან პერსპექტიული იყო, ასევე აღმოჩნდება იმ კალათაში, საიდანაც რაღაცას ველით", - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Aspect Georgia LLC-ს გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის -  Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს  მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა.

Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ეკონომიკა

გამოგვყევით