logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საწვავის ბაზარზე მცირე მოთამაშეები კონკურენციას ძირითადად, დაბალი ფასით ცდილობენ" - ფასების კომისიის დასკვნა

საქართველოს საწვავის ღირებულებათა ჯაჭვი შედარებით მოკლეა და ძირითადად მოიცავს უცხოელ მომწოდებელს, იმპორტიორს, ნავთობის ბაზას და შიდა ლოგისტიკას. ამის შესახებ  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებთი კომისიის დასკვნაშია აღნიშნული. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით,  მიუხედავად ამისა, ჯაჭვი სრულად გარე წყაროებზეა დამოკიდებული. ეს გარემოება ქმნის მთავარ სტრუქტურულ რისკს - მიწოდების წყაროების შეზღუდულ დივერსიფიკაციას. თუ რომელიმე მიმართულებით ლოგისტიკური შეფერხება, სანქცია ან პოლიტიკური დაძაბულობა წარმოიქმნება, საქართველოზე გავლენა თითქმის მყისიერია. მსგავსი მოწყვლადობა დამახასიათებელია რეგიონის სხვა მცირე და იმპორტდამოკიდებული ბაზრებისთვისაც.

"შედარებითი ანალიზისთვის განსაკუთრებით რელევანტურ მაგალითებს წარმოადგენს სომხეთი და მოლდოვა, რადგან ორივე ქვეყანა საქართველოსთან შედარებადია როგორც ტერიტორიული მასშტაბით, ისე რეგიონული ეკონომიკური კონტექსტით და ენერგომომარაგების სტრუქტურით. სომხეთი და მოლდოვა თითქმის სრულად იმპორტზე არიან დამოკიდებული. სომხეთი ძირითადად რუსეთიდან იღებს ნავთობსა და გაზს, ხოლო მოლდოვა, ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, შიდა ნავთობის მოთხოვნის 99.9%-ს იმპორტით აკმაყოფილებს, ძირითადად რუმინეთიდან.

აღნიშნული მიუთითებს, რომ მცირე და იმპორტზე დამოკიდებულ ბაზრებზე მიწოდების წყაროების შეზღუდულობა ფასისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან რისკს ქმნის. 

დამატებითი გამოწვევაა ბაზრის მცირე მასშტაბიც, რადგან ქვეყანა ხშირად ვერ იღებს ისეთ ხელსაყრელ ფასებსა და გრძელვადიან პირობებს, როგორსაც უფრო დიდი მომხმარებლები იღებენ. შესაბამისად, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, ლოგისტიკური მარშრუტების მოქნილობა და სტაბილური მომწოდებლების არსებობა არა მხოლოდ ფასის, არამედ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

საცალო დონეზე მსხვილ კომპანიებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ: ფართო ქსელი, ცნობადი ბრენდი, საკუთარი ინფრასტრუქტურა და ფინანსური რესურსი. მცირე მოთამაშეები კი კონკურენციას ძირითადად დაბალი ფასით ან კონკრეტულ ლოკაციებზე ცდილობენ. შედეგად, თეორიულად მრავალმოთამაშიანი ბაზრის მიუხედავად, მასშტაბის ეკონომია ლიდერებს ძლიერ პოზიციაში აყენებს,"-აღნიშნულია დასკვნაში. 

გამოგვყევით