ქართულ ბიზნესში AI რობოტებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ქართული კომპანია DAFI Robotics Georgia-ს დამფუძნებელმა დავით დარბინიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე აღნიშნული მიმართულება ჯერ კიდევ ახალია, ბიზნესები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ავტომატიზაციას კადრების დეფიციტის საპასუხოდ.
მისივე ინფორმაციით, ისინი ბიზნესს ქართულ ბაზარზე უნიკალურ სერვისს სთავაზობენ, რადგან რობოტექნიკის შერჩევიდან დანერგვამდე და პერსონალის გადამზადებამდე სრულ სერვისს ამ ეტაპზე სხვა კომპანია არ უზრუნველყოფს.
"ჩვენი მიზანია ავტომატიზაცია. ჩვენ ვართ ინტეგრატორები ხელოვნური ინტელექტის, AI რობოტების ქართულ ბიზნესში. ქართულ ბიზნესში AI რობოტებს ვნერგავთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი სერვისით კვალიფიციური კადრების დეფიციტი, პერსონალის ხარჯების ზრდა აღმოვფხვრათ.
ჩვენი რობოტები ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის სერვის რობოტები, რომელთაც რუტინული დავალების შესრულება შეუძლიათ, მათ შორის, მაგალითად, მიმტანის დამხმარე და სხვა, ხოლო მეორე რობოტები ხვდებიან მომხმარებლებს და აცნობენ ინფორმაციას კომპანიის, სხვადასხვა აქციისა, თუ შეთავაზების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ რობოტებს ქართულად ვთარგმნით და ჩვენი რობოტი ახლა ერთ-ერთ ქართულ რესტორანში უკვე მუშაობს.
დაახლოებით, 1 წელია რაც აღნიშნულ მიმართულებით ვმუშაობთ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქართული ბიზნესი ყველაზე მწვავე პრობლემად კადრების დეფიციტს და ხარჯების ზრდას ასახელებს - ვფიქრობთ, რომ ჩვენი რობოტები საკმაოდ კარგად მოერგება ქართულ ბიზნესს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ცოცხალი კომუნიკაცია ძალიან გვიყვარს და შესაბამისად, სრულად ამას ჩვენი რობოტები ვერასდროს ჩაანაცვლებს.
ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ რობოტექნიკის სრულ სერვისს, მათ შორის, შერჩევას, ლოგისტიკას და პერსონალის ტრენინგს - ასეთი სერვისი კი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, DAFI Robotics Georgia არის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ ბიზნესში AI სერვის რობოტებს ნერგავს. მათი რობოტები და სერვისი ეხმარება ბიზნესებს მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაში, პერსონალის ეფექტურობის ზრდაში და თანამედროვე ბიზნესის იმიჯის შექმნაში. კომპანიის პარტნიორია, ჩინური კომპანია OrionStar, რომელიც გლობალური ლიდერია AI რობოტიკის სფეროში.