logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული" - შოთა ბერეკაშვილი

"ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული" - შოთა ბერეკაშვილი

1777624882

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დასკვნა ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და ის დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.

„ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი; საკვებ პროდუქტების სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი. აღნიშნული დასკვნა დაფუძნებული არის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე: შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასევე შევხვდით ასოციაციებს, ასევე არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიას საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, მათი ბიზნეს პროცესები, ფინანსური სტაბილურობა, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 16 აპრილამდე,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიამ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარსული გამოცდილების საფუძველზე ჩაატარა მოკვლევა და მათი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავა დასკვნა, მეთოდები, რომლებიც ქართული ეკონომიკისთვის უფრო შესაბამისია. მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არის უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული, რამდენადაც ეს უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.

„დასკვნა ეფუძნება 3 მიმართულებას, რომ შევაჯამოთ: სისტემური გარდაქმნა, რომელიც იქნება საშუალო ვადიანი პერიოდი (6-9 თვემდე) ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, ჩვენ დასკვნაზე აქ სხვადასხვა ქვეყნების მოდელები გვაქვს მოყვანილი - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, ჰოლანდია და ამაზე უფრო დეტალებშია საუბარი, გადახდის ფორმებზე, ეს უკვე დეტალებია. დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება.

გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ეს არის 4 ქვეყნის გამოცდილება აღებული და თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა  სამთავრობო კომისიამ დაიწყო. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდებოდა. 

გამოგვყევით