ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის — თუმცა, ამავე დროს, ნავთობკომპანიებისთვის ეს პერიოდი სუპერ მოგებების ეპოქად იქცა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გლობალურ ენერგობაზარზე ფასების ზრდა და მიწოდების შეფერხების შიში მსხვილ ნავთობკომპანიებს მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს აძლევს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბრიტანული ენერგოგიგანტი BP, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში 3.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ომის ხარჯზე მხოლოდ ერთი კომპანია არ გამდიდრებულა. ენერგოკრიზის ფონზე თითქმის ყველა გლობალური დიდი მოთამაშე მოგებაზეა გასული.
ამერიკული კომპანია ExxonMobil-ის კვარტალური მოგება დაახლოებით 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა მსგავსი კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს. ბაზარზე კიდევ ერთი გლობალური მოთამაშის, ბრიტანული Shell-ის შემთხვევაში მოგების სავარაუდო მაჩვენებელი დაახლოებით 7-დან 8 მილიარდ დოლარს აღწევს.
ფინანსური სარგებელი იზრდება Chevron-ის შემთხვევაშიც და დაახლოებით 5-6 მილიარდ დოლარს აღწევს, ძირითადად, ნავთობის მაღალი ფასებისა და ექსპორტის ხარჯზე. იგივე სურათია TotalEnergies-შიც, აქ მოგება გაზის ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა და 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
ამავე დროს, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე 100 დოლარს აჭარბებს ბარელზე, რაც ბოლო თვეებში დაახლოებით 30-40%-იანი ზრდაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგოკომპანიები სწორედ იმ ფაქტორებით სარგებლობენ, რაც მომხმარებლებისთვის პრობლემად იქცა — მაღალი ფასები, მიწოდების რისკები და ბაზრის არასტაბილურობა.
ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს პარადოქსს ,მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკა ზეწოლას განიცდის, ენერგოგიგანტები რეკორდულ მოგებაზე გადიან. ამ ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები დამატებითი გადასახადის დაწესებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიზისის პირობებში განსაკუთრებულად მდიდრდებიან.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: Reuters