"საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს მყარ და სტაბილურ ზრდას, რაც ბოლო წლების ტენდენციის გაგრძელებაა",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალი.
დუნდუა აღნიშნავს, რომ ეს შედეგი განპირობებულია ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმზიდველი ბიზნესგარემოთი, რაც ქვეყანას რეგიონში ერთგვარ „ეკონომიკურ ოაზისად“ წარმოაჩენს.
"საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და იმ ტრენდს, რომელიც რამდენიმე წელია გვაქვს. საერთაშორისო პროგნოზებიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ეკონომიკური ზრდის ტემპით. ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შედეგი",- აღნიშნა დუნდუამ.
დუნდუას განცხადებით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის მიმართულებით.
"გაზრდილია ექსპორტი როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით. თუ გასული წლის მონაცემებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველო დგამს სერიოზულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში გახდეს პროფიციტური ეკონომიკა", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო.
"ლარში დათვლილი მშპ-ს მაჩვენებლით, გვქონდა კვარტალი, როდესაც ვაჭრობის კუთხით – ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა – იყო პაროფიციტური. ასევე, ორი კვარტლის ჯამში საგადამხდელო ბალანსიც იყო პროფიციტური. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გადადის ახალ ეკონომიკურ ფაზაში", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
დუნდუა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო მიისწრაფვის მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსისკენ.
"ჩვენ უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე – საქართველო ხდება ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის მაღალშემოსავლიანი სტატუსისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის გვაქვს რეალური შესაძლებლობა, გავხდეთ პროფიციტური ეკონომიკა, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.