სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.
წილოსანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის.
„ეს სხდომა, რომელიც საწვავს უკავშირდება ალბათ ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლები კითხვები იქნება, იმიტომ რომ თუ ყველა სხვა წინა სხდომაზე ჩვენ რაღაც გარკვეულ არგუმენტად გვქონდა რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაშია ახლაც ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება ეს, თუ გადასახადი ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზე რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა სამთავრობო კომისიამ დაიწყო. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.