logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შპს "ისურვეს" უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინდა - GCCA

შპს "ისურვეს" უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინდა - GCCA

1777445829

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA)  შპს „ისურვეს“, 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა.

 საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

 ამასთან, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა შეკვეთის გაუქმების შემდგომ მოვაჭრის მიერ თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა - 14 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებაც სააგენტოს მიერ არაგონივრულად იქნება მიჩნეული.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გამოგვყევით