აზიის საფონდო ბაზრებზე ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად ტექნოლოგიური სექტორის, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიმართ ოპტიმიზმს უკავშირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინვესტორების განწყობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა Intel-ის პოზიტიურმა პროგნოზმა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და დაადასტურა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ჩიპების მოთხოვნა კვლავ სწრაფად იზრდება.
ამ ფონზე, ტექნოლოგიური აქციები განსაკუთრებით გაიზარდა სამხრეთ კორეისა და ტაივანის ბაზრებზე, სადაც ნახევარგამტარული კომპანიები მნიშვნელოვან წილს იკავებენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ბუმი უკვე გარდამტეხ ფაქტორად იქცა გლობალური ბაზრებისთვის და ინვესტორები აქტიურად ზრდიან ინვესტიციებს ამ სექტორში. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა მონაცემთა ცენტრებისა და სერვერული პროცესორების მიმართ, რაც ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლებს ზრდის. მიუხედავად ამისა, გლობალური ბაზრები კვლავ წინააღმდეგობრივ გარემოში რჩება, ერთის მხრივ, ტექნოლოგიური სექტორი ზრდას აგრძელებს, ხოლო მეორეს მხრივ, ნავთობის ფასების მატება და გეოპოლიტიკური რისკები ეკონომიკურ გაურკვევლობას აძლიერებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ბაზრების მიმართულებას დიდწილად განსაზღვრავს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური შედეგები და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების დინამიკა.
თამარ გაზდელიანი