არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) პირველ მაისს დატოვებს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდობით ავრცელებს.
„ეს გადაწყვეტილება შეესაბამება არაბთა გაერთიანებული საამიროების გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას და მისი ენერგეტიკული სექტორის განვითარებას, მათ შორის შიდა ენერგიის წარმოებაში ინვესტიციების დაჩქარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს „ოპეკისა“ და მისი წამყვანი წევრის, საუდის არაბეთისთვის, რადგან ორგანიზაცია მსოფლიოში ნავთობის წარმოების 36 პროცენტს მოიცავს და ნედლეულის მოპოვებასა და განაწილებაზე შეთანხმებულ მოქმედებას მოიაზრებს.
ცნობისთვის, 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC და OPEC+ შეთანხმებიდან გადის.
OPEC-ი არის ნავთობის მწარმოებელი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს წარმოების პოლიტიკას გლობალური ნავთობის მიწოდებასა და ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით. მედიის ცნობით, ეს არის მძიმე დარტყმა ნავთობის ექსპორტიორი ჯგუფებისა და მათი ფაქტობრივი ლიდერისთვის, საუდის არაბეთისთვის იმ დროს, როდესაც ირანის ომმა ისტორიული ენერგეტიკული შოკი გამოიწვია და გლობალური ეკონომიკა შეარყია.
1tv.ge