„სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს კომერციული“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, აგროსექტორში გაუმჯობესდეს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და გაჩნდეს იმპორტის ჩანაცვლებისა თუ ექსპორტის უფრო მეტად წახალისების შესაძლებლობა.
„ათ წელში ერთხელ ხდება ხოლმე აგრარული პოლიტიკის გადახედვა. სოფლის მეურნეობის განვითარების ერთი სრული ფაზა დასრულდა და აუცილებლობა შეიქმნა გადახედილიყო მხარდამჭერი პროგრამები. ახალი მიზნები დასახულიყო. ეს პროცესები დააჩქარა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმაც. რეგიონში არსებულმა ომებმა გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რამაც აგროსასურსათო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
აგროსექტორში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ერთი, იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა გვქონდეს და მეორე - იქ, სადაც გვაქვს ექსპორტის გაძლიერების შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქცია. ამიტომ დადგა საჭიროება მაქსიმალურად წახალისებულიყო ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ეს თავის თავში გულისხმობს პირველადი პროდუქციის წარმოების გაძლიერებას, გადამუშავებას, შემნახავი მეურნეობის განვითარებას, რაც ქართულ პროდუქციას უფრო კონკურენტულს გახდის“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, გასულ კვირაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.