logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზანი პრევენციული ხასიათის იყო" - გიორგი კაპანაძე

"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით სწორი იყო და ამის საჭიროება იდგა”- ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზანი პრევენციული ხასიათის იყო, რომ შემდგომში უფრო მეტად არ გაზრდილიყო ინფლაციის მაჩვენებელი.

"გლობალურად გაურკვევლობაა, ნავთობისა და ენერგომატარებლების ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, გარდა ამისა, მიწოდების ჯაჭვები მორღვეულია. სწორედ გაურკვევლობა ქმნის იმის რისკს, რომ ინფლაცია, რომელიც დღეს 5.9%-ია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ამის რისკი ნამდვილად არსებობდა. ამიტომ სებ-მა  მცირედით გაზარდა მონეტარული პოლიტიკა და განაცხადა, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება კიდევ უფრო გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უნდა ველოდოთ, ან პირიქით, სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე იმედი დავიტოვოთ, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდება”,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, გლობალურადაც, თითქმის ყველგან, ევროზონაში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკაა, ამ ეტაპზე ინარჩუნებენ არსებულ მაჩვენებლებს, თუმცა არსებობს მოლოდინები, რომ ევრო ზონაშიც უნდა დაიწყოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ან კიდევ უფრო გაზარდონ განაკვეთები.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

გამოგვყევით