ნაყინის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა სეზონურობა და მასთან გამკლავებაა, რომლის შემცირებაც დროთა განმავლობაში აუცილებელია, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ლომთაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სეზონურობის შემცირება ძირითადად სანაყინეების განვითარების გზით უნდა განხორციელდეს, რადგან მათთვის სეზონურობა ნაკლებად დამახასიათებელია, ვიდრე ინდუსტრიული ნაყინისთვის.
"2026 წლის გაზაფხულზე ჩვენი მოლოდინი გაყიდვების კუთხით უფრო მაღალი იყო, თუმცა თითქმის წინა წლის მაჩვენებლების მსგავსი მონაცემები გვაქვს. ნაყინი სეზონური პროდუქტია და ძლიერ არის დამოკიდებული ამინდზე და წელს საკმაოდ ცივი გაზაფხული გვაქვს და შესაბამისად, დიდი ზრდა არ გვაქვს.
სანაყინეების კუთხით გაფართოებას ვაგრძელებთ, 2 კიდევ დაგვემატება თბილისში და ჯამში 6 სანაყინე გვექნება. ახალი სანიყინეების გახსნის საინვესტიციო ღირებულება კი, დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს შეადგენს", - აცხადებს სანდრო ლომთაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნედლეულის ფასის ზრდაა, რომელმაც საბოლოო პროდუქტი, დაახლოებით, 15%-მდე გააძვირა.
რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს - "თოლია" მიმდინარე სეზონს გაყიდვების 10%-იანი ზრდით დასრულებას გეგმავს.
შეგახსენებთ, კომპანია "თოლია" ქართულ ბაზარზე 24 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინეების გახსნის პარალელურად გაიზრდება.