ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" თანადამფუძნებლის, დავით გელაშვილის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროდუქციის რეალიზაცია 15%-ით გაიზარდა.
როგორც დავით გელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა, როგორც "ესკიმოს", ისე ჭიქის ნაყინზე თითქმის თანაბარია.
"ამინდიდან გამომდინარე, საუკეთესო სეზონი არ გვაქვს. სხვა მოლოდინი გვქონდა - მინიმუმ 30%-იან ზრდას ველოდებოდით. აღნიშნულ მაჩვენებელს ასორტიმენტის გაფართოებას ვუკავშირებ, ასევე ახალი უბნის მაღაზიები დავიმატეთ, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება. როგორც იცით, ასორტიმენტი გავზარდეთ, მაგალითად, დავიწყეთ დიაბეტური, 0%-იანი ნაყინის წარმოება, მასზე მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. დიაბეტურ ნაყინს "სტევიას" (ბუნებრივი და უკალორიო დამატკბობელი) გამოყენებით ვამზადებთ, რაც ძალიან მაღალი ხარისხით და კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
ზოგადად, ნედლეულის ღირებულება გაზრდილია, თუმცა ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ვცდილობთ და პროდუქციის ფასი პრაქტიკულად არ გაგვიზრდია. ამ ეტაპზე, ჩვენი წარმოების მოცულობა 600–700 ტონას შეადგენს, თუმცა სრულად მზად ვართ, რომ 1 000 ტონამდეც ავიდეთ. სეზონის დასრულების შემდეგ ვნახავთ რა სურათი გვექნება - წარმოების მოცულობის გაზრდაზეც შესაძლოა ვიფიქროთ", - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი.