სათამაშოების ქართული ბრენდი Kokito წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებლის, ლალიკო გოგიბერიძის ინფორმაციით, მომდევნო 12–18 თვის განმავლობაში ბრენდის ძირითადი პრიორიტეტები ახალი კოლექციების წარმოებაში სრულად ჩაშვება, ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციის გაფართოება, ახალი პროდუქციის უსაფრთხოების ტესტირება და სერტიფიცირება იქნება.
როგორც ლალიკო გოგიბერიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, კომპანია ინვესტიციის განხორციელებას ეტაპობრივად, როგორც საკუთარი, ასევე სხვადასხვა საგრანტო და თანადაფინანსების რესურსების გამოყენებით გეგმავს. მისივე ცნობით, საბოლოო საინვესტიციო მოცულობა შესაბამისი პროექტებისა და საწარმოო საჭიროებების მიხედვით დაზუსტდება.
"ბრენდი შეიქმნა ქართული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების წარმოების მიზნით. ვმუშაობთ კორპორაციულ მომხმარებლებთან, საბავშვო ბაღებთან და შეკვეთებს ონლაინ არხებითაც ვიღებთ. გაფართოებას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ. პირველ რიგში, გვინდა გავზარდოთ წარმოების შესაძლებლობები. ამჟამად კომპანიის ასორტიმენტი დაახლოებით, 50 სახეობის ხის სათამაშოს მოიცავს. რამდენიმე თვის წინ სრულად განვაახლეთ კოლექცია და დაახლოებით, 15 ახალი მოდელი დავამატეთ. ახალი პროდუქცია მოიცავს როგორც გასაგორებელ სათამაშოებს, ისე განმავითარებელ, შემეცნებით და შემოქმედებით ნაკრებებს. ახლა ასორტიმენტის გაფართოების კუთხით აქტიურად ვმუშაობთ ქართველ დიზაინერებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებულ განმავითარებელ სათამაშოებს, გასაფერადებელ ხის ნაკრებებს, კონსტრუქტორებსა და სეზონურ კოლექციებს. ასევე გვინდა ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის დაწყება, თუმცა დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ნედლეულს - ძირითად ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. წარმოებაში ვიყენებთ ხარისხიან ხესა და ხის მასალებს, ხოლო საღებავებისა და სხვა დამხმარე მასალების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებასა და სათამაშოებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კერძოდ, მხოლოდ გერმანულ წყლის ბაზაზე დამზადებულ უსაფრთხო საღებავებს ვიყენებთ.
ზოგადად, ხის სათამაშოების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროდუქტის მასალას, გამძლეობას, უსაფრთხოებასა და საგანმანათლებლო ფუნქციას. განსაკუთრებით მოთხოვნადია ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, მრავალჯერადი გამოყენების და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოები. გაყიდვების, ახალი შეკვეთებისა და პარტნიორი მაღაზიების მხრიდან ინტერესის მიხედვით მოთხოვნის ზრდა აშკარად შეინიშნება", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
Kokito-ს თანადამფუძნებელი სფეროში გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაა.
"ბავშვისთვის განკუთვნილი პროდუქტის წარმოება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. კერძოდ, მნიშვნელოვანია როგორც ნედლეულის ხარისხი, ისე კონსტრუქცია, საღებავები, მცირე დეტალები და წარმოების თითოეული ეტაპი. ამავდროულად, რთულია ფასით კონკურენცია გაუწიო დაბალფასიან იმპორტირებულ სათამაშოებს, რომელთა უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ყოველთვის გამჭვირვალე არ არის. მოგეხსენებათ, ხარისხიანი და სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტის წარმოება უფრო მაღალ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
კიდევ ერთი გამოწვევა სავაჭრო ქსელებში შესვლაა. ადგილობრივი მცირე მწარმოებლისთვის ხშირად რთულია ქსელების კომერციულ პირობებთან, მიწოდების მოცულობასთან და გადახდის ვადებთან ადაპტირება. კონკურენციას ვუმკლავდებით ხარისხით, განსხვავებული დიზაინით, უსაფრთხო მასალებით, ადგილობრივი წარმოებითა და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, სათამაშოების ქართული ბრენდი Kokito ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანიის ასორტიმენტი დაახლოებით 50 სახეობის ხის სათამაშოს მოიცავს. Kokito-ს პროდუქცია იყიდება "სითი მოლში", "ბაზარი ორბელიანზე" და "ისთ ფოინთში", ასევე სხვადასხვა ქსელურ სათამაშოების მაღაზიებში, მათ შორის "პეპელასა" და "ვიშლისტში".