logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენს დაწესებულებაში ბავშვების მიღების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება" – Montessori Kindergarten

საბავშვო ბაღი Montessori Kindergarten-ის აფილირებული ასოციაციის პრეზიდენტის, ინგა პატარაიას ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან კერძო საბავშვო ბაღზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

როგორც ინგა პატარაია "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, აღსაზრდელების მიღება მაისის დასაწყისში იწყება და თვის ბოლოსთვის უკვე ყველა ადგილი შევსებულია. მისივე ცნობით, კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კვალიფიციური პედაგოგების საქმიანობაა, რის გამოც დაწესებულება მასწავლებლების გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესში ინვესტიციებს ახორციელებს.

"მშობლების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია. განათლება ის სფეროა, სადაც მშობლები შვილებისთვის ინვესტიციას არ იშურებენ. მათგან მაღალი ჩართულობა და აქტიურობა შეინიშნება. ამ ეტაპზე, დაწესებულებაში აღსაზრდელების რაოდენობას არ დავაკონკრეტებ.

ფასების დინამიკას რაც შეეხება - გვინდა Montessori-ის სკოლამდელი განათლება, რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ბაზარზე თითქმის ყველაფერი ძვირდება, თუმცა გადასახადის იმავე ნიშნულზე შესანარჩუნებლად გარკვეულ ხარჯებს საკუთარ თავზე თავადაც ვიღებთ. შევძლებთ თუ არა ამ ფასის მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებას, წინასწარ თქმა რთულია, რადგან აღნიშნული ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", - აცხადებს ინგა პატარაია.

ასოციაციის პრეზიდენტი გაფართოების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ სამომავლოდ ახალი ფილიალები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გაიხსნება. 

"ამჟამად, მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს, თუმცა გაფართოებას ვგეგმავთ. შენობები უკვე შერჩეულია და სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტში საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ. ამასთან, კადრების დეფიციტი, როგორც სხვა სფეროებში, ჩვენს სექტორშიც გამოწვევად რჩება. ამიტომ ვცდილობთ, პედაგოგები თავად მოვამზადოთ. მათი გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია", - აღნიშნავს ინგა პატარაია.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღი Montessori Kindergarten თბილისში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს. ამასთან, დაწესებულებას 2026 წლიდან Association Montessori Internationale (AMI)-ის საქართველოს აფილირებული ასოციაციის სტატუსი აქვს.

გამოგვყევით