logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ინვესტორებს მოიზიდავს" - Cottage Skhivi

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე Cottage Skhivi-ს დამფუძნებლის, მარიკა მომცემლიძის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სეზონურობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმცირე რჩება.

როგორც მარიკა მომცემლიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ინვესტორების დაინტერესებას გამოიწვევს. მისივე შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, სალაშქრო ბილიკებისა და კემპინგის სივრცეების მოწყობა.

"რაჭა უცხოელი ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველი მიმართულებაა, მათ შორის ევროპელი ტურისტებისთვის. რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ისინი ზღვის სეზონის შემდეგ დასასვენებლად მთიან რეგიონებს, მათ შორის რაჭას, ირჩევენ.

რეგიონის ტურიზმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სეზონურობა რჩება, რადგან ტურისტული ობიექტების უმეტესობა ძირითადად ზაფხულის სეზონზე, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე მუშაობს. სტატისტიკურ მონაცემებს სულ ვაკვირდები - ამჟამად, ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით იმავე ნიშნულზეა. გამოწვევად რჩება კვების ობიექტების სიმცირეც, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურა გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ბოლო პერიოდში რაჭაში რამდენიმე ახალი რესტორანი გაიხსნა, თუმცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის სალაშქრო ბილიკებისა და კემპინგის სივრცეების მოწყობა. ამასთან, რაჭაში კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლია, თუმცა მათი ტურისტული პოტენციალი სრულად ათვისებული არ არის", - აცხადებს მარიკა მომცემლიძე.

ცნობისთვის, Cottage Skhivi რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.

გამოგვყევით