ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უხვი ნალექისა და დატბორვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა, მათი აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში გამაგრება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ასევე, სრულად აღდგება და რეაბილიტირდება სოფლის დაზიანებული საგზაო ქსელი, მოეწყობა და რეაბილიტირდება სანიაღვრე სისტემები, რაც ზედაპირული და სანიაღვრე წყლების ეფექტურ გატარებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სოფლის სიახლოვეს არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა-ფორმირება და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რაც მომავალში წყალდიდობისა და დატბორვის რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები ორ ძირითად ეტაპად განხორციელდება — პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარდება საჭირო კვლევები, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესრულდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და სამომავლოდ დატბორვის რისკების შემცირებას.