კოტეჯების კომპლექსის Rivendell Vardzia-ს დამფუძნებლის ლაშა ზაზაძის ინფორმაციით, რეგიონში ტურისტული ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, რაც მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებზე მოთხოვნას ზრდის.
როგორც ლაშა ზაზაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ვარძიაში მაღალი კლასის სასტუმროების, მათ შორის Vardzia Resort-ის მსგავსი ობიექტების განვითარების პოტენციალი არსებობს. მისივე ცნობით, მსგავსი პროექტების განხორციელება გააქტიურდება, თუ ინვესტორები დაინახავენ, რომ რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება.
"Vardzia Resort-ი რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და მისი არსებობა ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანია. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, იზრდება ინვესტიციების განხორციელების ინტერესიც. ამჟამად, ზაფხულის სეზონზე ვარძიაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების ნაკადი აქტიურია, რაც მცირე ბიზნესებისთვისაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. რეგიონში მაღალი კლასის სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობის ზრდა აუცილებელია, ზოგადად ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. მაგალითად, ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა ამ ეტაპზე მოწესრიგებულია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყურადღება ექცევა. თუმცა, მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. უშუალოდ ჩვენთან ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა არ გვაქვს", - აცხადებს კოტეჯების დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Rivendell Vardzia ვარძიადან 5 კილომეტრში სოფელ თმოგვში მდებარეობს. ტურისტული ობიექტი ჯამში 3 კოტეჯისგან შედგება, სადაც ჯამში 15 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილობრივ ბაზარზე კი 4 თვეა ოპერირებს.