ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, ინფლაცია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მან გადაცემაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეაფასა.
„ინფლაციასთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოსტპანდემიური პერიოდიდან ნეგატიური გამოცდილება. იყო წლები, როდესაც ინფლაცია საკმაოდ დაბალიც იყო, მაგრამ მთლიანობაში, პოსტკოვიდურ პერიოდში, ფასები საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით, სურსათზე, მათ შორის, იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოიხმარს. შესაბამისად, განცდა, რომ ფასები არ უნდა გაიქცეს და ფასები უნდა იყოს სტაბილური, არის საკმაოდ გამჯდარი როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში. ამიტომ, მათი მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ ფიქრობენ, თუ როგორ მოახდინონ ინფლაციის მართვა, მაგრამ აქაც რამდენიმე ნიუანსს გავუსვამ ხაზს. კერძოდ, ინფლაციური პროცესების მართვა, როდესაც ეს არის გამოწვეული მოთხოვნის გაზრდით, არის ერთი მოვლენა, ხოლო როდესაც არის გამოწვეული მიწოდების შემცირებით, ნაკლებობით - ეს არის სულ სხვა ტიპის მოვლენა. ანუ, დღეს ჩვენ არ გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას ხელმისაწვდომი აქვს დამატებითი ფინანსური რესურსი და ეს ზრდის მოხმარებას, შესაბამისად, იზრდება ფასები - ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ფასები იზრდება იმიტომ, რომ მსოფლიოში არის ნავთობის კრიზისი, ფასები ნავთობპროდუქტებზე არის აწეული და შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც ერთი მხრივ ეკონომიკას არ დაამუხრუჭებს და მეორე მხრივ, რაღაც ნაბიჯებიც უნდა გადადგას, რომელიც შეარბილებს ინფლაციურ მოლოდინს და ინფლაციას ზოგადად“, - განმარტა ჭარაიამ.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს არ მიუღია ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვნად გამკაცრების გადაწყვეტილება.
„ეს იყო უფრო სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც არის უბრალოდ ჟესტი იმისა, რომ ეროვნული ბანკი ადევნებს თვალყურს ამ პროცესებს და მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს. უფრო ეს სიგნალი დავიჭირე, ვიდრე რეალურად რაიმე რადიკალური ცვლილება ეროვნული ბანკის პოლიტიკაში“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.