ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები.
„ეს, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას უზრუნველვყოფთ იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს (Design & Build) ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.