მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.
აპრილში ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, რაც მისი შეფასებით, ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის შედეგად ნავთობის ფასების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვების დაზიანებამ გამოიწვია.
„მასშტაბურმა საომარმა მოქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი არტერიის - ორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა, მიწოდების გლობალური შოკი წარმოქმნა. ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შემდგომი რღვევის რისკი უკვე აისახა მსოფლიო ფასებზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების დინამიკაზე საქართველოშიც“ - აღნიშნა კაკულიამ.
მერაბ კაკულია მიიჩნევს, რომ ამ ფონზე დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ხისტი ფასების ინდიკატორები (საბაზო ინფლაცია, მომსახურების ინფლაცია), რომლებიც იმის დასადგენად გამოიყენება, თუ რამდენად ნელა, ან ინერტულად რეაგირებენ ფასები მოთხოვნის, ან მიწოდების შოკებზე, გარკვეული ზრდის მიუხედავად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.
„ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმე გვაქვს დროებით შოკთან და არა - სტრუქტურულ ინფლაციასთან, რომელიც ხანგრძლივად ნარჩუნდება. ხისტი ფასების მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები შედარებით სტაბილურია და მეორე რიგის ეფექტები (მაგ, ხელფასი-ფასების სპირალი) ჯერჯერობით სუსტია. ასეთ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების (მაგ. რეალური მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპის) გათვალისწინებით, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს“, - აღნიშნავს მერაბ კაკულია.