თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლში, წყლის საერთაშორისო მე-5 კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ფარგლებში ილია ბეგიაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობაზე.
მისი თქმით, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით ხორციელდება როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე, მდგრადი და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა საჭიროებს კოორდინირებულ, მრავალსექტორულ მიდგომას.
ილია ბეგიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივ მუშაობას. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს წყლის სექტორის მდგრად განვითარებაში.
წყლის საერთაშორისო მე-5 კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და დარგის ექსპერტების წარმომადგენლებს. ღონისძიების მიზანია წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომების განხილვა, არსებული გამოწვევების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ წყლის რესურსების მართვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, წყლის დანაკარგების შემცირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს. ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ეფექტიანი, მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებას.