logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება" - მარიამ ქვრივიშვილი

1777968159

საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პრიორიტეტულია. კომპანიის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავებულია კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას. თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება საოპერაციო მოგების მარჟას, ის 25%-დან 36%-მდე  გაიზარდა. გატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობამ 30%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის გადაკვეთის დრო  20%-ით შემცირდა.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად აქტიურად ვითარდება სამგზავრო მიმართულებაც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს  და მგზავრობა უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.

2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი – ბათუმისა და თბილისი – ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილებას. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ „კუკუშკის“ უნიკალური გამოცდილებით.

„რკინიგზა არის უფრო უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ  ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად.

გამოგვყევით