ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილმა კრიზისმა საავიაციო სექტორი დააზარალა. მკვეთრად გაძვირებული საწვავის გამო, მსხვილმა ავიაკომპანიებმა Lufthansa, KLM, Turkish Airways და სხვებმა რეისები გააუქმეს. როგორ აისახა საწვავთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარება ქართულ ავიაკომპანიაზე "ჯორჯიან ეარვეისზე" - მედიის კითხვებს ავიაკომპანიის საფრენოსნო სამსახურის დირექტორმა, შეფ-პილოტმა ვალერიან ჩხენკელმა უპასუხა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე სექტორს გაუჭირდება ოპერირების გაგრძელება.
"მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ავიაკომპანიაზე მძიმედ აისახა. ოპერაციული ხარჯების პრაქტიკულად 100% საწვავზე მიდის.
ავიაკომპანიის მენეჯმენტი ყველა ზომას იღებს საწვავის ეკონომიისთვის, ეკიპაჟებთან მიდის ყოველდღიური მუშაობა რომ ყოველი კილოგრამი საწვავი დაიზოგოს, თუმცა ამის მიუხედავად რეისების ნაწილის გაუქმება გვიწევს. ამ მძიმე ფონზე, ვითომდა ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვის მიზეზით, ევროკონტროლის მიერ ხდება რეისების შეფერხება 30 წუთიდან 2 საათამდე.
აღნიშნული მიზეზი სრული აბსურდია, რადგან აქტიური საავიაციო სეზონი ჯერ არ დაწყებულა - მაისია, ამასთანავე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით უამრავმა ავიაკომპანიამ: British airways, Lufthansa, KLM და სხვებმა ფრენები შეამცირეს.
ავხსნი, რას ნიშნავს ავიაკომპანიისთვის რეისის შეფერხება: ამ დროს, თვითმფრინავი უკვე მზად არის გამოფრენისთვის, მგზავრები ბორტზე იმყოფებიან, სჭირდებათ სალონის კონდიცირება, გათბობა, ამისთვის გამოიყენება დამხმარე ძრავი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ამ შეფერხებების გამო, საწვავთან დაკავშირებით ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება. ფინანსური ზარალის გარდა, რაც მთავარია ყველაზე დიდ ზიანს მგზავრი იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია მგზავრის კომფორტი და იმ თანხაში, რასაც ის ავიაბილეთში იხდის, მგზავრი უნდა გაემგზავროს დროულად და კომფორტულად.
ამ შეფერხების გამო, მგზავრები განიცდიან უდიდეს დისკომფორტს, აგვიანდებათ ტრანზიტულ რეისებზე და ხშირად უწევთ აეროპორტში 10-12 საათით ყოფნა ზუსტად ამ მიზეზით. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანია ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია, რაც დამატებითი ფინანსური ტვირთია და გამოწვეულია ევროკონტროლის მიერ შექმნილი დაბრკოლებებით. ჩემი ღრმა რწმენით, ამ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები მიიღება არაპროფესიონალების მიერ, რადგან როგორც ავხსენი, მაისი ჯერ არ არის აქტიური სეზონი, მრავალი ავიაკომპანიის მიერ გაუქმებულია მრავალი რეისი და საჰაერო სივრცის გადატვირთვაზე საუბარი ვერ იქნება. სავარაუდოდ, სლოტების საკითხი დაიგეგმა შარშან ზამთარში და ევროკონტროლში დღევანდელ მძიმე ვითარებას არ ითვალისწინებენ არაპროფესიონალიზმის გამო, სრულად უგულებელყოფილია მგზავრების და ავიაკომპანიების ინტერესები.
იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ სიტუაციაში ავიაკომპანიებს ხელი შეუწყონ, მთელი ჩვენი შრომა და ძალისხმევა როგორმე საწვავის ხარჯი შემცირდეს და კომპანიამ გადახდისუნარიანობა შეინარჩუნოს, ევროკონტროლის არაპროფესიონალიზმის გამო წყალში გვეყრება. აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ საქართველოს ნავიგაციიდან 2025 წლის მოგებიდან დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ევროკონტროლმა წაიღო, რადგან თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. თავის მხრივ კი ავიაკომპანიების და მოქალაქეების მიმართ მავნებლობითა და დაბრკოლებების შექმნით არის დაკავებული. ეს არა მარტო ჩვენ კომპანიას, არამედ მთელ საავიაციო სექტორს და პირველ რიგში მგზავრებს აზიანებს.
ძალიან რთული მდგომარეობაა შექმნილი, მგზავრთნაკადი შემცირებულია, საწვავის გაძვირების გამო ავიაბილეთები ძვირდება, ავიაკომპანიები ზარალდებიან და ამ მძიმე ვითარებაში იმედი გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის გვერდში დგომის. ვიმედოვნებთ, რომ როგორც სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ავიაკომპანიას დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას", - აცხადებს ვალერიან ჩხენკელი.