logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ამ დაწეულმა 5%-მა, შესაძლოა, საბანკო სექტორს $250 მლნ-ის რესურსი გამოუთავისუფლოს" - დავით რუსია

"ამ დაწეულმა 5%-მა, შესაძლოა, საბანკო სექტორს $250 მლნ-ის რესურსი გამოუთავისუფლოს" - დავით რუსია

1778181342

ეროვნულმა ბანკმა, 6 მაისს, ძალიან ბევრი მონეტარული ინსტრუმენტი ერთდროულად აამუშავა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ეს ინსტრუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგოც კი იყო, იმიტომ, რომ რეალურად გამოათავისუფლა რეზერვი, ანუ ბანკებს შეუმცირა სარეზევრო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში, ანუ თუ იყო 25%, შემცირდა 20%-მდე, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დაწეულმა 5%-მა, შესაძლოა, საბანკო სექტორს 250 მილიონი დოლარის რესურსი გამოუთავისუფლოს. „ეს თავის მხრივ, შვებას მისცემს კაპიტალის ბუფერებს, ანუ ზეწოლა შეუმცირდებათ ბანკებს და შესაბამისად, ამ ფულის მიმართვა ისევ და ისევ ეკონომიკაში შეეძლება საბანკო სისტემას. ჩვენ თუ ბანკის აქტივებს და პასივებს ჩავხედავთ, ყოველთვის 70% ჩვენი აქტივების საკრედიტო რესურსებში არის მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, მათი მნიშვნელობა აქტიურ ოპერაციებში ნაკლებია და ძირითადად, ეს თანხა ისევ საკრედიტო რესურსზე იქნება მიწოდებული.

თუმცა, ამავე დროს, ამ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაზე გეტყვით იმასაც, რომ იმ დღემდე, მოლოდინი იყო, რომ შეინარჩუნებდა ეროვნული ბანკი მას. რატომ იყო ეს მოლოდინი? - იმიტომ, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ,  წინა დღეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა შეინარჩუნა, ყველამ აიღო პაუზა. ჩვენც გვეგონა, რომ ეროვნული ბანკი ამას უფრო მეტად ივნისის სხდომაზე გააჟღერებდა. სიმართლე რომ ვთქვათ, 0.5%-ითაც რომ გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნულ ბანკს ვერავინ ვერ დაძრახავდა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ძალიან ფრთხილი ნაბიჯი იყო“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

მან სესხებზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ამ ფაქტის გავლენას სესხებთან მიმართებით, გარკვეულწილად, ეს სესხებს აუცილებლად გადაეცემა, თუმცა, როდესაც ცვლად პროცენტიან სესხებზე გვაქვს საუბარი, რისკი როგორც მომატების, ასევე დაკლების - ყოველთვის არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის სესხებზე, უმეტესწილად, ეს უკვე ასახულია. იგივე იმ გადაწყვეტილებას რომ გამოვეხმაუროთ, რომელიც 750 000 ლარიანი ლიმიტის 1 მილიონ ლარიან ლიმიტამდე გაზრდას ემსახურება, ესეც მოწოდებულია, რომ დაიცვას ქართველი მომხმარებელი. ეს მილიონი ლარი, როგორი მილიონი ლარია იცით? -  როგორსაც ეროვნული ბანკი მუდმივად აჟღერებდა, რომ ჩვენ ამ ზღვრამდე უნდა მივიდეთ. ამ ზღვარს მერე რა იქნება, ეგ არის ძალიან საინტერესო. ამ ზღვრის მერე, უკვე ახალი განცხადებების გაკეთებას უნდა ველოდოთ ეროვნული ბანკისგან. ვფიქრობთ, რომ შემოდგომის ბოლომდე ეროვნულ ბანკს აქვს დრო, რომ დააკვირდეს მოვლენებს“, - განმარტა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.

გამოგვყევით