logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აგვისტოდან თბილისი–ბათუმის მატარებლით მგზავრობის დრო 5.5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება" - თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, რომ  საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად სალოკომოტივო და სავაგონო პარკის შეძენა და განახლება მოხდება.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, პარკი 50 ახალი ლოკომოტივითა და 1500 ვაგონით განახლდება, რაც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, სატრანზიტო დრო ქვეყნის გადაკვეთისას 24-დან 12 საათამდე შემცირდეს, ხოლო გამტარიანობა გაორმაგდეს.

ამასთან, უწყების წარმომადგენლის ცნობით, აგვისტოდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ადამიანები 5.5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავლენ.

"აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო ხიდი ვართ, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს. 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით. საქართველოს რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო ხერხემალს წარმოადგენს, ამიტომ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ჰაბს გახდის. სამივე მიმართულებას ვავითარებთ ესენია: სატვირთო გადაზიდვები, სამგზავრო გადაყვანები და ინფრასტრუქტურა, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ფლობს. 10 წლის განმავლობაში დაგეგმილია განვახორციელოთ დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანი სამგზავრო მიმართულებების შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია 10 მატარებლის შეძენა.

"ზოგადად სამგზავრო მიმართულებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ძირითად მიმართულებებზე სრულიად ახალი მატარებლები გვეყოლება, რათა ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს კომფორტული მგზავრობა შევუქმნათ. გეგმის მიხედვით, 2026-დან 2028 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შედეგებს დავდებთ. ისტორიული განახლება იწყება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონში სანდო პარტნიორი ვიყოთ", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

გამოგვყევით