საქართველოში ტურიზმის სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე"
გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ქეთი მელაძემ აღნიშნა, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტის დაწესება ქართველი გიდების საქმიანობისთვის სასარგებლო იქნება.
ქეთი მელაძის ინფორმაციით, კვოტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობაზე დაკვირვება 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა მისი მნიშვნელობა გამოიკვეთოს.
"ამ გადაწყვეტილებას დიდი ხანია ველოდით. როგორც იცით, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტაა. საკითხზე სხვადასხვანაირი შეხედულება იყო, თუმცა სექტორის უმრავლესობამ პროცენტულად, რომ ვიმსჯელოთ გადაწყვეტილება დადებითად მიიღო. ვფიქრობთ, სამომავლოდ ძალიან კარგი შედეგი გვექნება. 1 წლის მანძილზე, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ განაცხადა დაკვირვება დაიწყება, შევისწავლით კვოტებთან მიმართებით აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენად მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ რა სურათი დადგება არ ვიცი, თავად ბაზარი გვაჩვენებს. ამასთან, გიდების გადამზადება აუცილებელია, რომ სახელმწიფოს გადადგმული დიდი ნაბიჯი გამართლდეს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო რეგიონებს დიდ ყურადღებას მიაქცევს", - აცხადებს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 მაისიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები და ცვლილებები ამოქმედდა, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და სექტორის მოწესრიგებას. ძირითადი სიახლეებია:
- შრომითი მიგრაციის წესები: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის დისტანციურად მომუშავე პირებისთვის, საქართველოში კანონიერად დასაქმების მიზნით "შრომითი საქმიანობის უფლების" მოპოვება გახდა სავალდებულო.
- გიდების საქმიანობის რეგულირება: რეგულაციები შეეხო ტურისტული გიდების საქმიანობას, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის კონტროლს.
"შრომითი მიგრაციის" შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანია.
- სავალდებულო დაზღვევა: 1 იანვრიდან საქართველოში შემოსვლისას ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა სავალდებულო გახდა.
- ტურისტული მომსახურების უსაფრთხოება: 2024 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული, კანონმდებლობა აწესებს მაღალ უსაფრთხოების სტანდარტებს ტურისტული მომსახურების გამწევი სუბიექტებისთვის.
ეს ზომები მიმართულია ტურისტების უფლებების დაცვასა და ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებაზე.