საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB China 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ტურისტული სააგენტო „გამარჯობა ჯორჯია ტურსის“ წარმომადგენლის, ბექა სილაგავას შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩინეთის ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობებს ქმნის.
„ჩინეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ბევრი ფრენა აღარ სრულდება. რაც შეეხება შანხაიდან პირდაპირი ფრენების დაწყებას, აღნიშნული შეავსებს იმ დანაკლისს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ამასთან, შანხაის ფრენები საქართველოს ასევე დააკავშირებს ისეთ ბაზრებთან, როგორიცაა სინგაპური, მალაიზია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, რაც ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნავს ბექა სილაგავა.
რაც შეეხება გამოფენაში პარტნიორის სტატუსით წარდგენას, ბექა სილაგავას შეფასებით, ასეთი ფორმატი საქართველოს სტენდის მიმართ საერთაშორისო ინტერესსა და ვიზიტორთა ჩართულობას მნიშვნელოვნად ზრდის. “როდესაც საერთაშორისო გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ხარ წარდგენილი, შენს სტენდზე გაცილებით დიდი ყურადღებაა, უფრო ბევრი ხალხი მოდის, უფრო დიდი დაინტერესებაა, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ როგორც ჩინელები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან. ყველაზე მეტად აქცენტირებული ღონისძიებები იმ სტენდთან მიმდინარეობს, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ვინც არის წარდგენილი” - განმარტა ბექა სილაგავამ.
წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და აზიის ბაზრიდან ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს.