საბოლოო ჯამში, იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ იანვარში იყო დაახლოებით 2.5% ინფლაცია დეკემბერთან შედარებით.
„აქ ხშირად არასწორი სტატისტიკა მოჰყავთ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, იღებენ ხოლმე ერთწლიან სტატისტიკას და ამას წარმოაჩენენ როგორც ერთი თვის სტატისტიკას. საქსტატი როცა აქვეყნებს მაგალითად მაისის მონაცემებს წინა წელთან შედარებით, ეს არის ერთწლიანი სტატისტიკა და აჩვენებენ ისე, თითქოს მაისის თვეში 10%-ით გაიზარდა ფასები, რაც მარტივი მანიპულაციაა. შეგიძლიათ ორი მაჩვენებელი ნახოთ ხოლმე: ერთი არის წლიური ინფლაცია და მეორე თვე თვესთან დადარებული ინფლაცია. თქვენ რომ ნახოთ რეალური სტატისტიკა, იქ 15%-იან ზრდას ვერ აღმოაჩენთ. ჩვენ იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის დასტაბილურება, ინფლაციის დასტაბილურება და თებერვალ-მარტი-აპრილი-მაისის განმავლობაში გვქონდა ძალიან დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი და ორი თვის განმავლობაში გვქონდა საერთოდ დეფლაცია, ანუ ფასები შემცირდა თებერვალში და მაისში. ეს არის კონკრეტული შედეგი, რაც მოიტანა იმ პროცესმა, მათ შორის, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ.
ასევე მინდა წარსული გაგახსენოთ, ფასებზე როცა საუბრობთ. ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა ჩვენ 2019-2021 წლებში. ეს არის სამი წელი, საიდანაც წელიწადნახევარი თქვენი თავმჯდომარე იყო მთავრობის ხელმძღვანელი. მაშინ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 39%-ით, მაშინ როდესაც კოვიდი, სხვათა შორის, პირიქით მოქმედებდა ფასებზე, იმიტომ რომ მოხმარება შეამცირა, დააწვა მოხმარებას და ეს იწვევს ხოლმე ფასების შემცირებას. ამის მიუხედავად, სამი წლის განმავლობაში ინფლაცია იყო 39% და იგივე პერიოდში ხელფასები გაიზარდა მხოლოდ 22%-ით. აი ეს არის კონკრეტული მონაცემები.
რაც შეეხება ბოლო სამი წლის მონაცემებს, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო რაც ვთქვი: სამომხმარებლო ფასები გაიზარდა დაახლოებით 6.5%-ით, 10%-ზე ნაკლები იყო ზრდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით და იგივე პერიოდში დაახლოებით 48%-ით გაიზარდა საშუალო ხელფასი. მთავარი ეს არის. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი წლის განმავლობაში არის დაახლოებით 2-4%. ამაზე მეტი აღარ ვარგა. შარშან გვქონდა სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3.9% და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს მოვახერხებთ ოპტიმალურ ზღვრებში ინფლაციის შენარჩუნებას, რაც სავსებით შესაძლებელია იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც თებერვლიდან დაიწყო. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.