logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პრემიუმ კლასის სეგმენტში თვეში საშუალოდ 700-800 ავტომობილი იყიდება" - Strada Motors

კომპანია Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან ასანიშვილის ინფორმაციით, პრემიუმ კლასის სეგმენტში თვეში საშუალოდ 700-800 ავტომობილი იყიდება.

როგორც ლევან ასანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა Volvo, Toyota, Land Rover, Porsche და Mercedes-Benz-ის ბრენდებზე ფიქსირდება.

"პრემიუმ კლასის ავტომანქანების ფასები 80 000-დან 150 000 ევრომდე მერყეობს. ამ სეგმენტს თავისი მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს. ასე იყო, მაგალითად, პანდემიის პერიოდშიც. საქართველოში აღნიშნული ტენდენცია, გარკვეულწილად, კულტურასა და გემოვნებასთანაცაა დაკავშირებული. რაც შეეხება დაბალბიუჯეტურ ავტომობილებს ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილები A კლასის ჰეჩბეკების, D კლასის, MPV Compact-ისა და MPV Mini-ის სეგმენტებში იყიდება. ზოგადად, საქართველოში ავტომობილების შეძენა სხვადასხვა ფინანსური მექანიზმით ხდება, მათ შორის საბანკო სესხისა და განვადების საშუალებით. არსებული მონაცემებით, ავტომობილების გაყიდვების დაახლოებით 40% საბანკო დაფინანსებაზე მოდის", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.

ამასთან, კომპანია Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილე პორტფელის გაფართოებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ ასორტიმენტს ბრიტანული ბრენდი MG დაამატა, რომელიც ჩინეთში იწარმოება.

როგორც ლევან ასანიშვილი ამბობს, აღნიშნული ბრენდი შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტზეა გათვლილი და მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობს. 

"ჩვენმა კომპანიამ პორტფელს ბრიტანული ბრენდი MG დაამატა, რომელიც ჩინეთში იწარმოება. შესაბამისად, კონკურენტული ფასების შეთავაზება შეგვიძლია და მომხმარებლის მოთხოვნებსაც ვპასუხობთ. აქტიურად მივყვებით ელექტრიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის ტენდენციას, რათა მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილები შევთავაზოთ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ლევან ასანიშვილი სფეროში ტენდერების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ წლის ჭრილში ტენდერებზე მთლიანი გაყიდვების 25-30%-ი მოდის.

"ზოგადად, კომპანიის მიზანია შევავსოთ ყველა ის ნიშა, სადაც წარმოდგენილი არ ვართ -  გვინდა სრული პროფილი გვქონდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ, რომ ბაზარი ელექტრიფიკაციისა და ფასების შემცირების მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, კონკურენცია სულ უფრო ძლიერდება, ამიტომ აუცილებელია ჩვენი პროდუქციის პორტფელის გაფართოება, რათა როგორც ტენდერებში, ისე სხვა შესყიდვებში მონაწილეობა უფრო მარტივად და ეფექტიანად შევძლოთ. ავტომანქანების რეალიზაცია სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ წელს შეიძლება მნიშვნელოვანი ტენდერი გამოცხადდეს, ხოლო მეორე წელს – არა. თუმცა არატენდერულ სეგმენტში გაყიდვები მზარდია. ზოგადად, ტენდერებზე მთლიანი გაყიდვების 25-30%-ი მოდის", - აღნიშნავს Strada Motors-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ცნობისთვის, კომპანია Strada Motors ბაზარზე 17 წელია ფუნქციონირებს. 

გამოგვყევით