logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"2012 წელთან შედარებით მეზღვაურთა რაოდენობა 100%-ზე მეტით გაიზარდა და 21 000-ს მიაღწია" - ივანე აბაშიძე

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ივანე აბაშიძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 21 000 მეზღვაურია დასაქმებული, რაც 2012 წელთან შედარებით 100%-ზე მეტ ზრდას წარმოადგენს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ივანე აბაშიძე განმარტავს, აღნიშნული პროგრესი თანმიმდევრული და გონივრული ნაბიჯების შედეგია, რომლებიც წლების განმავლობაში საზღვაო სფეროში განხორციელდა.

"საქართველოში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მათი ეკონომიკური წვლილი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, მაგალითად, მხოლოდ ხელფასების სახით ყოველწლიურად თითქმის მილიარდ ლარს აღწევს. 2012 წელს ქვეყანაში დაახლოებით 8 600 მეზღვაური გვყავდა. სფეროში დაინერგა ახალი სტანდარტები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ამასთან, საქართველოში საზღვაო განათლება სახელმწიფო სასწავლებლებში უფასო გახდა, რამაც სფეროს მიმართ ახალგაზრდების ინტერესი გაზარდა. შედეგად, წელს სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ კადეტების უპრეცედენტოდ დიდი მიღება გამოაცხადა და დაახლოებით 900 ახალი კურსანტი ეყოლება.

ასევე, წელს მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი სრულად ავამოქმედეთ. ხელშესახები შედეგები გვაქვს - მეზღვაურები ჩვენი დასაქმების ბაზრით სულ უფრო მეტად სარგებლობენ, რადგან ღირსეულ პირობებს ვთავაზობთ. ხელფასებს რაც შეეხება მეზღვაურს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს", - აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

ივანე აბაშიძე ახალი რეგულაციების შესახებაც საუბრობს, რომელიც ნაოსნობასა და მგზავრთა უსაფრთხოებას ეხება. როგორც სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, ცვლილებების მიხედვით, ყველა მცურავი საშუალება, რომელიც 3 მეტრზე მეტია სიგრძით და აღჭურვილია ძრავით სახელმწიფო რეგისტრაციას სავალდებულოდ დაექვემდებარება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან. აქამდე გარდამავალი პერიოდი გვქონდა. შიდა სახმელეთო წყლებში, როგორიცაა საქართველოს მდინარეები, ტბები და წყალსაცავები, სადაც ნაოსნობა დასაშვებია, ყველა მოქალაქეს იქნება ეს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი საკუთარი საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევს. რაც მთავარია, თუ მცურავი საშუალება 7 მეტრზე მეტია, ძრავიანია, ემსახურება ტურისტებსა თუ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებელი ხდება, რომ მის მძღოლს შესაბამისი მართვის მოწმობა ჰქონდეს. აღნიშნული მოწმობა გაიცემა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის საფუძველზე", - აცხადებს ივანე აბაშიძე.

გამოგვყევით